დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის „მოძრაობა თავისუფლებისთვის-თბილისი“ თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი აბესაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რომელზეც სამარშრუტო მიკროავტობუსების ტარიფებზე ისაუბრეს.
მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სამარშრუტო მიკროავტობუსების სფერო რეგულირებადი გახდა და დიდი ქალაქების თვითმმართველ ორგანოებში, მათ შორის თბილისის მერიაში, ამ სფეროში ტარიფის განსაზღვრის თაობაზე მსჯელობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
„მოვუწოდებთ თბილისის მერიას, რომ აღნიშნული პროცესი გამჭვირვალე გახადოს და ამ მიზნით, მასში საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა. ამასთანავე მიგვაჩნია, რომ უნდა გამოინახოს საშუალება და ბიუჯეტში ყოველწლიურად მოხდეს ათი მლნ. ლარის ოდენობით სუბსიდირება ისეთი ფორმით, როგორც ეს ტრანსპორტის სხვა საშუალებებზე მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში ხდება’’,-განაცხადეს დეპუტატებმა.
მათივე განმარტებით, აღნიშნული შეღავათი ორ მნიშვნელოვან კატეგორიას, კერძოდ, სტუდენტებსა და პენსიონერებზე უნდა გავცელდეს.
ირაკლი აბესაძემ და მამუკა ახვლედიანმა მომდევნო სამწლიანი პროგნოზის თაობაზე დედაქალაქის მერიის განცხადების თაობაზეც ისაუბრეს და მას ეკონომიკური თვალსაზრისით, უპასუხისმგებლო და არასერიოზული უწოდეს.
,,ჩვენ არ ვეთანხმებით თბილისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამი წლის განმავლობაში ტარიფების ზრდა ტრანსპორტით მგზავრობაზე არ იგეგმება, ვინაიდან, ქვეყანაში ფასების მატება ყველა სფეროს ეხება და ტრანსპორტზე ეს ბუნებრივად აისახება’’,-აღნიშნეს დეპუტატებმა.